ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება, თქვენი სასჯელი იქნება პროკურორებო! ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი იქნება, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული.
სამწუხაროდ, სასამართლომ, შუამდგომლობები არ დამიკმაყოფილა, რათა კითხვები დამესვა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჩემს დისკრედიტაციას ეწევიან. ისინი მომიხსენიებენ, როგორც დამნაშავეს, საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და გლობალური ომის პარტია მიმაგრებს ზურგს, თურმე, ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას, თურმე დავალება მომცეს, პოლიციის დაკნინებასა და სისტემის ჩამოშლაზე ვმუშაობდი, ათასი სიგიჟე და ბოდვა… არ გეგონოთ ამას შემთხვევითი პირები ამბობდნენ, ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ გუნდს წარმოადგენენ.
წინა სასამართლოზეც ვთქვი, რომ განსაკუთრებით კობახიძე აქტიურობს. მივმართავ ირაკლი კობახიძეს: პოლიციელის ღირსების შელახვას დიფ სთეითი არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსებას მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა. თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ.
ამიტომაც, ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა. [...]
ადვოკატები არგუმენტებითა და მტკიცებულებებით საუბრობენ, მათ შეძლეს ადამიანების ნდობა შენარჩუნებულიყო, დაიმახსოვრეთ მათი სახელი და გვარები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენი გახდებიან, ჩემი პატივისცემა მათ. ამ დარბაზში, ჩემგან მარცხენა მხარეს, ხშირად ვხედავ ჩვენს პარტნიორებსა და ელჩებს, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ, ეს ამბავი კი ძალიან მახარებს. ამას არ აღვიქვამ, როგორც პერსონალურ მხარდაჭერას, ამას როგორც ევროპული მომავლის მხარდაჭერად აღვიქვამ. მარტო არ ვართ დიქტატურასთან ბრძოლაში, მადლობა საქართველოს მეგობრებს.
მადლობა ჩემს კოლეგებს, მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა მოქალაქეს, რომლებიც წინააღმდეგობას წარმოადგენთ, სადაც არ უნდა იყოთ. განუზომელი ენერგია მოდის თქვენგან. სოლიდარობის შედეგია, რომ შიმშილობის დროს გადავრჩი. დრო კვლავ არის ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის.
ბოდიშიც მაქვს მოსახდელი, ჩემი ოჯახის, მეგობრების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის გუნდისთვის, ვწუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ
არ გატყდეთ! ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ, მე თქვენი მჯერა, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა იყოს, თქვენი ყველა ნაბიჯი ღირსეული იქნება.
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!





