რეჟიმის პატიმრები

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციების დროს დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატებმა, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, მათი თქმით, წინა სხდომაზე, საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ 11 პირის პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს, გარდა ამისა, ვინაიდან დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, აღარ არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

გალუსტაშვილის განცხადებით, "სასამართლო ხელმძღვანელობს გინივრულ ეჭვს მიღმა და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით", რის საფუძველზეც 11-ვე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

"თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობდა. იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებამ დაასრულოს მტკიცებულებების გამოკვლევა ეს არ არის საფუძველი რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს" - თქვა მოსამართლემ რადიო თავისუფლების ცნობით.

29 ივლისის სხდომაზე, საქმის მთავარმა გამომძიებელმა, არსენ ხუნაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის.


თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

კომენტარები