თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე საქმის მთავარი გამომძიებელი. არსენ ხუნაშვილი იკითხება.
ხუნაშვილის თქმით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის.
ინტერპრესნიუსის ცნობით, მოწმეს ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჰკითხა: "აქვს, თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ვალერი თეთრაშვილის კავშირს ორგანიზატორებთან?"
ხუნაშვილი: "ეს შეიძლება დადგინდეს, ისევ და ისევ ტელეფონის ექსპერტიზით. ვალერი თეთრაშვილის პირდაპირი კავშირი ორგანიზატორთან, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის".
ამის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მოუწოდა გამომძიებელს, რომ იგივე კითხვაზე სხვა დაკავებულების კონტექსტშიც ეპასუხა.
"არის ვიდეოები, სადაც რამდენიმე პირი ერთად ჩანს. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს" - განაცხადა არსენ ხუნაშვილმა IPN-ის ცნობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.





