გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტეს იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო გააფრთხილა და წინა კვირაში სხვა ალტერნატივებთან შედარებით რუსული ნედლი ნავთობის ფასმა იმატა. ამის შესახებ გამოცემა ნავთობის ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ცნობისთვის, ინდოეთი მსოფლიოს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის სიდიდით რიგით მესამე ქვეყანაა და ზღვით გადაზიდული რუსული ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია.
ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ გასულ კვირაში ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლებს - Indian Oil Corp-ს, Hindustan Petroleum Corp-ს, Bharat Petroleum Corp-სა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd-ს - რუსული ნავთობის არ შეუსყიდიათ.
წყაროების მიხედვით, ხსენებული ოთხი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რეგულარულად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, თუმცა ამჯერად მის ჩასანაცვლებლად სპოტ ბაზარი აირჩიეს - მეტწილად ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ აფრიკის ნავთობი.
Reuters-ის ცნობით, ინდოეთში რუსული ნავთობის უდიდესი შემსყიდველები კერძო ნავთობგადამამუშავებლები - Reliance Industries და Nayara Energy - არიან, თუმცა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ქვეყანაში ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობის 60%-ს აკონტროლებენ.





