ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი ცანავაზე: დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, დანაშაული სად არის?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, მისივე პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ცანავას თაღლითობის ბრალდებით დაკავებას Facebook-ზე გამოეხმაურა. 

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელსა და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა! - ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ „ტიტუშკის" მოქნეულ ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა, სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!" - წერს ხაბეიშვილი.

ამავე FB-პოსტში ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მის თანაპარტიელს დანაშაული არ ჩაუდენია და "ლაშას სუს-ის აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს".

"წესიერი კაცია, მშრომელი. ოჯახი და შვილები რომ გამოეკვება, დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა, რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან... დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშას სუს-ის აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.

საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას - შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა“ - წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს, 30 ივლისს დააკავეს. როგორც სუს-ში განმარტავენ  "საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს".

კომენტარები