ლუკა კურტანიძე

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, ელდარ კურტანიძეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ელდარ (ლუკა) კურტანიძე წულუკიანის კომისიაზე

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ელდარ (ლუკა) კურტანიძეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  პროკურატურამ კურტანიძეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.

ელდარ კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს სცემა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან  მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან  ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და  ავტომანქანა დაუზიანა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერს უწყება.

პროკურატურა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. უწყების ცნობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

კომენტარები