ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ორწუთიან თითიდან გამოწოვილ სპეკულაციას" უწოდებს და ამბობს, რომ მისი სიტყვები "შეგნებულად" დაამახინჯეს. მახაშვილი TV იმედთან ირწმუნება, რომ "სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით არის სრული ერთსულოვნება გუნდში და იგი არის უალტერნატივო კანდიდატი".
"ვხედავთ ორწუთიან თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით, სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით არის სრული ერთსულოვნება გუნდში, იგი არის უალტერნატივო კანდიდატი და პოლიტიკურ სივრცეშიც მას არ ჰყავს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, სწორედაც წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო, მე ყველას მოვუწოდებ და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით პოლიტსაბჭოს შეხვედრას და მის გადაწყვეტილებას სადაც იგი უკვე ფორმალურადაც იქნება წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატად" - ამბობს მახაშვილი.
იქამდე, როგორც ივანიშვილის დეპუტატმა თქვა, არის იმის შესაძლებლობაც, რომ ქართულმა ოცნებამ კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე არ წარადგინოს.
"ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, წინასწარ თარიღს, რომც ვიცოდე... მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას. აქაც მოდით, რა თქმა უნდა, დავიცვათ პროცედურები, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ფორმალურად მოხდეს ჩვენი მხრიდან კანდიდატურის წარდგენა.
მაგრამ, მე მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი. განწყობაც ზოგადად გუნდში გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ, მაინც სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, იმიტომ რომ რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს" - ამბობდა მახაშვილი.
ქართულ ოცნებას თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა გასულ კვირაში ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც გადადეს. თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის განცხადებით, აპირებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს:
"მე გახლავართ ქალაქის მოქმედი მერი, ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, პრემიერმინისტრმაც ამაზე პირდაპირ, ღიად ისაუბრა" - თქვა კალაძემ 24 ივლისს.
5 ივნისს, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძე "აბსოლუტურად უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე".
"მე შემიძლია გითხრათ, რომ 100% არ ვიცი, 99.9 და ა.შ. იმის იქით კიდე არამთელი პროცენტით, ეს კაცი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი" - თქვა კობახიძემ.





