რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 23 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ბელარუსის მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებასა და ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატად დადგომის უფლებას აძლევს.
რუსული სამთავრობო მედიის მიხედვით, ბელარუსის ხელისუფლება მიესალმა ამ ნაბიჯს და მოითხოვეს, რომ მათ მოქალაქეებს რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მისცენ. ცნობისთვის, ბელარუსში უკვე ნებადართულია, რომ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
ბელარუსმა და რუსეთმა 1999 წელს "სამოკავშირეო სახელმწიფოების შეთანხმებას" მოაწერეს ხელი, რაც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინტეგრაციისა და ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო კი პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევა.





