შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული გ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1989 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ქვედა კიდურების არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.





