რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სომხეთმა რუსეთს არ გადასცა სამხედრო, რომელსაც მოსკოვი დეზერტირობაში ადანაშაულებს

გამოცემა Новая газета Европа-ს ინფორმაციით, სომხეთმა რუსეთს არ გადასცა სამხედრო, რომელზეც მოსკოვს დეზერტირობის ბრალდებით ძებნა აქვს გამოცხადებული.

ტელეგრამ არხზე გავრცელებულ პოსტში გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ მათ ანონიმურობის პრინციპის დაცვით ადამიანთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა აცნობეს.

"საქმე ეხება 25 წლის სემიონ სუბოტინს. ის ივანოვოს ოლქის ქალაქ ტეიკოვოს სტრატეგიულ სარაკეტო ძალებში რადიოტელეფონისტ- მსროლელად მსახურობდა. ყოფილმა სამხედრომ რუსეთი 2024 წლის სექტემბერში დატოვა, პროექტ "Идите лесом-ის" დახმარებით." - წერია პოსტში.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში რუსი სამხედრო არალეგალურ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

ამის გამო, სუბოტინმა სამართლებრივი გზა აირჩია და სომხეთის პოლიციას დაუკავშირდა. წყაროების მიხედვით, "ასეთ შემთხვევაში წინასწარ გაწერილი პროცედურა იწყება. სომხეთის პოლიცია რუსულ მხარეს ატყობინებს და რუსეთი საპასუხოდ ექსტრადირებისთვის დოკუმენტების მომზადებას იწყებს. ექსტრადირებაზე კი გადაწყვეტილება სომხურმა სასამართლომ უნდა მიიღოს."

"სუბოტინი 72 საათის განმავლობაში იყო - ეს დრო ეძლევა რუსეთის ფედერაციას მასალების გადასაცემად, რათა აღკვეთ ღონისძიებაზე გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ამის ნაცვლად, დღეს რუსეთის სამხედროები გამოცხადდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც სუბოტინი იმყოფებოდა, და მისი წაყვანა პროცედურისგან გვერდის ავლით უნდოდათ," განაცხადეს წყაროებმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანთა უფლებათა დამცველი აქტივისტები პოლიციასა და პროკურატურას დაუკავშირდნენ და გატაცების რისკის შესახებ აცნობეს. 72 საათის შემდეგ კი სომხეთის უსაფრთხოების ძალებმა სუბოტინი გამოუშვეს, ერებუნის პოლიციის განყოფილებამდე მიაცილეს, სადაც მას ადვოკატი ელოდებოდა, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს.

კომენტარები