არჩევნები 2025

არ ვაღიარებთ თვითმმართველობის არჩევნებს – საკრებულოების ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი

საკრებულოების წევრებმა პარტიებიდან ახალი და ევროპული საქართველო საქართველოს პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს რომ არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 

მათი განცხადებით, ისინი მხოლოდ ახალ რიგგარეშე, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ.  მათი განცხადებით, 4 ოქტომბერს ჩანიშნული არჩევნები მორიგი რუსული სპეცოპერაციაა.

"ვაღიარებთ მხოლოდ ახალ რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებს და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ ე.წ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება რუსული სპეცოპერაციის სახით.

ჩვენ, საკრებულოს დეპუტატებმა, ყველაზე კარგად ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს რეალურ თვითმმართველობას და რეალურ დეცენტრალიზაციას, თუმცა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი კავშირი არ გააჩნია არც რელაურ თვითმმართველობასთან და არც რელაურ დეცენტრალიზაციასთან - ეს გახლავთ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ქართული ოცნების ხელით ტარდება საქართველოში.

ჩვენ დღეს ქართველ ხალხთან ერთად ვებრძვით, პრორუსულ, ანტიქართულ, ანტიევროპულ ძალას, რომლის მიზანი და ამოცანაცაა შებღალოს ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანი გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ჩვენ, საკრებულოს დეპუტატებმა, ზუსტად ვიცით, რომ რეალური თვითმმართველობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ევროპული დემოკრატიის ფარგლებში. თუმცა, დღეს საქართველოში თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს, ეს არის ფეოდალებზე დამყარებული ძალა, რომლებიც თვითმმართველობას საკუთარი პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.

რეჟიმის დასამარცხებლად მიგვაჩნია რომ უპირველესი გზა არის რეჟიმთან ართანამშრომლობა, უმთავრესია რეჟიმის სრული იზოლაცია, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენ, კოალიცა ცვლილებისთვის საკრებულოს დეპუტატები არ ვაღიარებთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, არ ვიღებთ მონაწილეობას, ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, რიგგარეშე, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ისინი, 19 ივლისს, 19:00 საათზე თსუ-დან პარლამენტამდე დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდებიან.

კომენტარები