საქართველოს პროკურატურის ცნობით, 16 ივლის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინეს.
უწყების განცხადებით, ბრალდებულები პოლიციელებს თავს ცულით და დაესხნენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, ავტომანქანით გადაადგილდებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰქონდა მართვის უფლება. პოლიცილებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და განუმარტეს სამართალდარღვევის შინაარსი. არასრულწლოვანმა და მასთან ერთად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ერთ-ერთი მათგანის დაკავებისას ადგილზე დამატებით მისული პოლიციელებიდან ერთს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ცული მოუქნია, რის შედეგადაც პოლიციელი დაიჭრა. ასევე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დანით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა ორ პოლიციელს. ბრალდებულების დაკავებისას, ხელის შეშლის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიზე მყოფმა სამმა პირმა ჯუფური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაკავებულთაგან სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორ ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის ა ქვეპუნქტით და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება - დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.





