შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კახა მურადაშვილის განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე მოქალაქემ დანითა და ცულით მიაყენა დაზიანებები.
"შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას გორის რაიონ სოფელ ხელთუბანში რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა და ცივი იარაღით, კერძოდ დანისა და ცულის გამოყენებით, მიაყენეს სხვადასხვა დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ იქნა 5 პირი." - თქვა მან TV პირველთან ინტერვიუში.
კახა მურადაშვილის ცნობით, დაკავებულებიდან ზოგიერთს შესაძლოა ბრალდება დაუმძიმდეს.
"ამ ეტაპზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია ისჯება 5-იდან 8 წლამდე, თუმცა შესაძლოა ზოგიერთ მათგანს ბრალდება დაუმძიმდეს." - განცხადა დეპარტამენტის უფროსმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება - დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.





