რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ინდოეთი: რუსული იმპორტის სანქცირების შემთხვევაში ნავთობის ალტერნატიულ წყაროს გამოვნახავთ

ინდოეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მინისტრი, ჰარდიპ სინგჰი პური
Reuters

ინდოეთი დარწმუნებულია, რომ ნავთობის საჭიროებების ალტერნატიული წყაროებიდან დაკმაყოფილებას შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე აშშ მეორად სანქციებს დააწესებს, განაცხადა ინდოეთის ნავთობის მინისტრმა, ჰარდიპ სინგჰი პურიმ 17 ივლისს.

ცნობისთვის, 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი. ჩამოთვლილი ქვეყნები ცალკე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემაც გააფრთხილა.

პურის თქმით, ინდოეთი რუსეთიდან იმპორტის ნებისმიერი სახის პრობლემის მოგვარებას შეძლებს, მისი სხვა ქვეყნებით ჩანაცვლებით. მან აღნიშნა, რომ ბაზარზე მრავალი ახალი ექსპორტიორია, მაგალითად გაიანა, და ამავდროულად ალტერნატიულ წყაროებს არსებული ნავთობმწარმოებლებიც წარმოადგენენ, მათ შორის კანადა და ბრაზილია. 

"საერთოდ არ მაღელვებს ეს. თუ რამე მოხდება, მივხედავთ," თქვა პურიმ ნიუ-დელიში გამართულ ღონისძიებაზე. 

"ინდოეთმა შეძლო მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება და 27 ქვეყნიდან, რომლებისგანაც ვყიდულობდით, ახლა დაახლოებით 40 ქვეყანაზე ვართ ასულები," დაამატა მან. 

კომენტარები