სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მან ევროპელ კოლეგებს დაუდასტურა, რომ სომხეთს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ევროკავშირში შეხვედრების დროს, ჩვენ გვკითხეს, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული კანონი ნიშნავს თუ არა, რომ სომხეთს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი? ჩემი პასუხი იყო: დიახ, სომხეთს უნდა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი" – თქვა ფაშინიანმა
სომხეთის პრემიერმინისტრმა განმარტა, რომ გაწევრიანების პროცესი არ არის მარტივი და ამისთვის ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო, ამავდროულად, სომხეთმა შესაბამისი რეფორმები უნდა გაატაროს.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას მანამ, სანამ სომხეთის რესპუბლიკა ყველა მიმართულებით არ დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ამის შემდეგაც, რეფორმები გაგრძელდება. ორი ვარიანტია: სომხეთს ან მიიღებენ ევროკავშირში, ან არა. თუ მიიღებენ, ძალიან კარგი. თუ რამე მიზეზით არ მიიღებენ, სომხეთი მაინც იქნება სახელმწიფო, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. სხვანაირად რომ ვთქვთ, ორივე შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომ არ გავაგრძელოთ ჩვენი სტრატეგია" – ამბობს ფაშინიანი.





