14 ივლისის საღამოს ისრაელში ულტრაორთოდოქსმა პარტიამ, იაჰადუთ ჰა-თორამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქნესეთი და მმართველი კოალიცია დატოვა. პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონი ულტრაორთოდოქს მამაკაცებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან სრულად უნდა ათავისუფლებდეს.
კანონპროექტის ავტორი, ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, იული ედელშტაინი ულტრაორდოთქსი, ჰარედიმი მამაკაცების სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან სრულ გათავისუფლებას ეწინააღმდეგება, თუმცა გასულ თვეს კანონპროექტში კომპრომისის სახით ცვლილებები შეიტანა, რათა ულტრაორთოდოქს პარტიებს ხმა ოპოზიციის კანონპროექტისთვის არ მიეცათ, რომელიც ქნესეთის დათხოვნასა და წინასწარი არჩევნების დანიშვნას მოიცავდა.
გუშინ, 14 ივლისს ედელშტაინმა კანონპროექტი დეგელ ჰა-თორას წევრებს წარუდგინა. ერთ-ერთი ჰარედიმი გამოცემის რეპორტიორის თქმით, წარდგენილ კანონპროექტში მოცემული ზოგიერთი პუნქტი მიუღებელი იყო, მათ შორის, ერთ-ერთი, რომელიც ჰარედიმ მამაკაცებს სამხედრო სამსახურისგან მხოლოდ IDF-ში გაწევრიანების შემდეგ ათავისუფლებს.
დეგელ ჰა-თორას ფრაქციის სულიერმა ლიდერმა, რაბინმა დოვ ლანდომ მთავრობა “თორას სტუდენტების ცხოვრების გართულების მცდელობასა” და “ძვირფასი იეშივა სტუდენტების იურიდიული სტატუსის რეგულირების ვალდებულების შეუსრულებლობაში” დაადანაშაულა.
"მთავრობასა და კოალიციაში მონაწილეობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ეს მოიცავს, მათ შორის, ყველა თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომასაც". - თქვა ლანდომ.
პროტესტის სახით თანამდებობის დატოვებაზე გამოაცხადეს, მათ შორის, ქნესეთის ფინანსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მოშე გაფნიმ, ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, ური მაკლევმა, იერუსალიმის საკითხთა მინისტრმა, მეირ პორუშმა, კულტურის მინისტრის მოადგილემ იააკოვ ტესლერმა და შრომისა და კეთილდღეობის კომიტეტის თავჯდომარემ, ისრაელ აიხლერმა.
მაღალჩინოსანთა გადადგომის გადაწყვეტილება ძალაში 48 საათისშემდეგ შევა, ამ პერიოდში კი ქვეყნის პრემიერმინისტრს, ნეთანიაჰუს მათი გადარწმუნება და სიტუაციის განმუხტვა შეუძლია.
იაჰადუთ ჰა-თორა 120-კაციან ქნესეთში 7 ადგილს იკავებს, ხოლო მმართველ კოალიციას ჯამში 68 ადგილი აქვს, ამიტომ მათი წასვლა კოალიციას უმრავლესობას არ დააკარგვინებს. თუმცა, თუ პარტიას მეორე ულტრაორთოდოქსი პარტია, შასი შეუერთდება, მმართველი კოალიციის ადგილები 50-მდე შემცირდება და ნეთანიაჰუ ქნესეთის სამთვიანი შესვენების განმავლობაში უმცირესობის მთავრობას გაუძღვება.
დღეს შასმა განაცხადა, რომ მთავრობის დატოვების საკითხს ხვალ განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გარდამტეხი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისრაელის ჯარში სავალდებულო გაწვევა ულტრაორთოდოქს მამაკაცებზეც უნდა გავრცელდეს.
უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თუკი არ არსებობს კანონი, რომელიც საპირისპიროს ამბობს, მაშინ ისრაელის სავალდებულო სამხედრო სამსახური ნებისმიერ ულტრაორთოდოქსზე ისევე ვრცელდება, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეზე.
მოგვიანებით, ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სავალდებულო გაწვევის პრობლემას ისრაელის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მოაგვარებს, რომელსაც ნეთანიაჰუს მხარდაჭერაც აქვს.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურად ძლიერი ულტრაორთოდოქსი პარტიები, რომლებიც ნეთანიაჰუს კოალიციაში მთავარი პარტნიორები არიან, ძველ სისტემაში ნებისმიერი ცვლილების მოწინააღმდეგენი არიან





