სომხეთ-აზერბაიჯანი

MEE: აშშ-მ სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა, ზანგეზურის დერეფანი აშშ-მ მართოს

გამოცემა Middle East Eye-ს თანახმად, აშშ-მ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით შესთავაზა, რომ ზანგეზურის დერეფანი ამერიკამ მართოს, როგორც ნეიტრალურმა მესამე მხარემ.

MEE-ს მიხედვით, ამის შესახებ თურქეთში აშშ-ს ელჩმა, ტომ ბარაკმა ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.

“ისინი 32-კილომეტრიან გზაზე დაობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. ეს ათწლეულია, ჭიანურდება - 32-კილომეტრიანი გზა. [...] ასე რომ, რაც მოხდება იქნება, რომ ამერიკა იტყვის: “კარგი, ჩვენ ავიღებთ, მოგვეცით 32-კილომეტრიანი გზა ასწლიანი იჯარით და მისი გაზიარება შეგეძლებათ ყველას”. - თქვა ბარაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზანგეზურის დერეფნის პროექტი, რომლის შესრულებასაც ბაქო რამდენიმე წელია ითხოვს, ითვალისწინებდა აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, აქედან კი თურქეთთან დაკავშირებას. გზა სომხეთის სიუნიქისა და ირანის საზღვარზე უნდა გასულიყო. აზერბაიჯანს სურდა, რომ ამ გზაზე სომხეთს გადატანილი ტვირთები არ გაეკონტროლებინა, რასაც ერევანში საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად აღიქვამდნენ.

როგორც რადიო თავისუფლების ინგლისურენოვანი სამსახური წერს, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების დასრულებას უახლოვდებიან, თუმცა პრობლემური რჩება სომხეთის კონსტიტუციის პუნქტი, რომლის ცვლილებასაც ალიევი ითხოვდა. კონსტიტუციის ერთ-ერთ პუნქტში ნახსენებია მთიან ყარაბაღთან "გაერთიანება". სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიანიშნებდა, რომ მზადაა ამ ჩანაწერის ცვლილებისთვის. თუმცა, RFE/RL-ს გამოკითხვები აჩვენებს, რომ ერევანში უმრავლესობა კონსტიტუციის ცვლილების წინააღმდეგია.

2024 წლის აპრილში სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. პროცესი ტავუშის პროვინციიდან დაიწყო. აქ სომხეთი აკონტროლებდა 4 სოფელს, რომლებიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში შედიოდა. სოფლები ერევანმა ბაქოს დაუბრუნა. ამ პროცესს პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები მოჰყვა. დემონსტრაციებს ტავუშელი მთავარეპისკოპოსი უძღვებოდა.

ზანგეზურის დერეფნის გახსნის მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ წამოაყენა. პრეზიდენტი ალიევი 2021 წლის აპრილში იმუქრებოდა, რომ თუ სომხეთი ამის წინააღმდეგი იქნებოდა, ისინი დერეფანს ძალით გაიყვანდნენ

კომენტარები