აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირსა და მექსიკას 30%-იან ტარიფებს დაუწესებს, რომლებიც 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება.
ამის შესახებ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვისა და მექსიკის პრეზიდენტისთვის, კლაუდია შაინბაუმისთვის მიწერილ წერილებში წერს, რომლებიც Truth Social-ზე არის გამოქვეყნებული.
შაინბაუმისთვის მიწერილ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ მექსიკა საზღვრის გადამკვეთი არალეგალური მიგრანტებისა და აშშ-ში შეტანილი ფენტანილის ნაკადის შემცირებაში ამერიკას ეხმარება, თუმცა საკმარისი არ გაუკეთებია..
"მექსიკა საზღვრის დაცვაში მეხმარება, მაგრამ რასაც მექსიკა აკეთებს, საკმარისი არ არის. მექსიკას კვლავ არ გაუჩერებია კარტელები, რომლებიც ცდილობენ, რომ მთლიანი ჩრდილოეთ ამერიკა ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედნად აქციონ". - წერს ტრამპი.
ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
"წლები გვქონდა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის განსახილველად და დავასკვენით, რომ უნდა ჩამოვშორდეთ ამ გრძელვადიან, მსხვილ და უცვლელ სავაჭრო დეფიციტებს, რომლებსაც თქვენი ტარიფების, უტარიფობისა და სავაჭრო ბარიერების პოლიტიკა წარმოქმნის. სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა, საერთოდ არ ყოფილა ორმხრივი". - წერს ტრამპი.
წერილში ტრამპი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა აშშ-სთვის დაწესებული ტარიფები სრულად გააუქმოს.
"დიდი სავაჭრო დეფიციტის შემცირების საცდელად ევროკავშირმა ბაზარზე აშშ-ს სრული, ღია წვდომა უნდა უზრუნველყოს, ჩვენზე არანაირი ტარიფები არ იქნება დაწესებული ". - წერს ტრამპი.
ტრამპის განცხადების პასუხად ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის "ერთგულებას დიალოგისადმი, სტაბილურობისადმი და კონსტრუქციული ტრანსატლანტიკური ურთიერთობისადმი".
"ამავდროულად, ევროკავშირის ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, პროპორციულ საპასუხო ნაბიჯებსაც გადავდგამთ". - წერს ფონ დერ ლაიენი.
Reuters-თან საუბრისას ევროკავშირის სამმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ტრამპის მუქარები მოლაპარაკების ტაქტიკას წარმოადგენს.
ევროკავშირისა და მექსიკის გარდა, ამ კვირაში ტრამპმა მსგავსი წერილი 23 სხვა სავაჭრო პარტნიორს გაუგზავნა, მათ შორის, კანადას, იაპონიას და ბრაზილიას. ტრამპი წერილებში ტარიფების დაწესებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუკი სავაჭრო შეთანხმება მიღწეული არ იქნება.





