გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დარყდნობით წერს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად €100-მილიარდიანი ფონდის შექმნას განიხილავს.
Bloomberg-ის წყაროებმა თქვეს, რომ ეს ფონდი შესაძლოა EU-ს საბიუჯეტო პროექტის ნაწილი გახდეს, რომელიც მომდევნო შვიდ წელზე იქნება გათვლილი. მათივე თქმით, თუკი შეთავაზებას წევრი ქვეყნები დათანხმდებიან, დაფინანსების გაცემა 2028 წელს დაიწყება.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ეს იდეა სხვა ვარიანტებთან ერთად განიხილება და 16 ივლისამდე, შემდეგი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) დეტალების გამოქვეყნებამდე იქნება განხილული.
Bloomberg-ის თანახმად, დაფინანსების პროექტი არსებული მოდელით იხელმძღვანელებს, რომლითაც ევროკომისია უკრაინას გრანტებითა და იაფი სესხებით დახმარებას აწვდის.
გამოცემის წყაროების თქმით, გასულ თვეში ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს უთხრა, რომ უკრაინის ფინანსური საჭიროებები 2027 წლამდე უნდა დაიფაროს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ შემდეგი წლის დაფინანსების უზრუნველსაყოფად "სხვადასხვა ვარიანტებს აფასებენ და მუშაობენ". მისივე თქმით, ევროკავშირი "მზადაა, რომ უკრაინას ყველანაირი საჭირო დახმარება მიაწოდოს, სანამ ეს საჭირო იქნება".
დომბროვსკისმა ასევე თქვა, რომ კომისია განიხილავს EU-ს ბიუჯეტით და "ასევე რუსეთის სუვერენული აქტივებიდან მოგების გამოყენების შესაძლებლობით" უკრაინის დახმარების გაზრდის ვარიანტებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას 160 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება მიაწოდა - ეს თანხა მოიცავს €50-მილიარდიან ფონდსაც, რომლის გრანტებიც და სესხებიც 2027 წლამდე არის გათვლილი. გარდა ამისა, ევროკავშირმა დიდ შვიდეულთან ერთად კიევისთვის ასევე €50-მილიარდიანი საკრედიტო მექანიზმი შექმნა, რომელიც რუსული ბანკების გაყინული აქტივებისგან მიღებულ მოგებას იყენებს.





