თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა, მომდევნო სხდომა 11 ივლისს ჩატარდება.
სასამართლო პროცესიდან ცნობებს რადიო თავისუფლება აშუქებდა წერილობით, live-რეჟიმში, რადგან ძალაში შევიდა ივანიშვილის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი და სასამართლო სხდომებზე მედიას ფოტო-ვიდეო გადაღება აეკრძალა, რის საფუძველზეც ჟურნალისტები სხდომების წერილობით ჩანაწერებს აკეთებენ და ასე აცნობენ საზოგადოებას, რა ხდება რეჟიმის პატიმრების პროცესებზე.
რადიო თავისუფლების ცნობით, ბრალდების მოწმემ (თბილისი მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა) იოსებ მამადაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით დაზიანდა ლითონისა და პლასმასის ნაგავშემკრები ურნები.
"15 ერთეული ლითონის ურნა, იგივე ტევადობის პლასმასის ურნები - 77 ერთეული, მცირე ზომის - 25 ურნა და პატარა ზომის ლითონის დეკორატიული ურნები - 18 ცალი", - თქვა მოწმემ.
როგორც ირკვევა, ის თავად არ შესწრებია ნაგვის ურნების დაზიანების ფაქტს, თქვა, რომ "ტელევიზიით ნახა", შემდეგ გავიდა რუსთაველზე და ნახა დაზიანებული ურნებიც.
იოსებ მამადაშვილის თქმით, დაზიანებული და დამწვარი ურნები "ნაგავში გადაიყარა".
"ნაწილი ცალკე იყრებოდა, ნაწილი ცალკე ნაგვის პოლიგონზე და როგორც ვიცი ასულები იყვნენ კიდეც გამომძიებლები" - ამბობს მოწმე კითხვაზე პასუხად "მტკიცებულებები გადაყარეთ?" მან თქვა, რომ ზარალი 147 000 ლარია.
რეზო კიკნაძე სხდომას კვლავ არ დასწრებია, რადგან ის გაძევებულია და მოსამართლე გალუსტაშვილი უკან არ აბრუნებს.
უკრაინის მოქალაქე სერგეი კუხარჩუკმა მიმდინარე საქმის განმავლობაში პირველად გააკეთა განცხადება:
"პირველად ვხედავ, პატიოსანი და უდანაშაულო ხალხი ისხდნენ ბრალდებულის სკამებზე, ჩემი მისამართით ბრალდება არის უსაფუძვლო. დაკავებულები ვართ და ჩვენს მიმართ გამოყენებულია არასამართლიანი ბრალდება, მტკიცებულეები რომლებიც ფიზიკურად არ არსებობს. აღშფოთებული ვარ პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების. ჩემი აზრით, სასამართლოში სიცრუეა და არ არის სამართლიანი სასამართლო, გაუმარჯოს საქართველოს, დიდება უკრაინას".
სხდომაზე გამოიკითხა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი მზია ცერაძე, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. მან პოლიციის დაზიანებულ ტექნიკა, კონკრეტულად მანქანები აღწერა და თქვა, რომ არ იცის უშუალოდ ვინ დააზიანა ეს მანქანები.
"სასამართლო თუ დაადგენს, რომ მათ არ დაუზიანებიათ მე პრეტენზია არ მექნება, თუ დაადგენენ, შემდეგ მექნება პრეტენზია", - თქვა ცერაძემ.
პროკურატურას მეტი მოწმე არ ჰყოლია, რასაც დაცვის მხარის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ამ საქმისთვის მთელი დღე იყო გამოყოფილი. ადვოკატებმა მოითხოვეს, პროკურორებს სხვა მოწმეებთან დაერეკათ და მოეყვანათ, თუმცა ნინო გალუსტაშვილმა სხდომა დაასრულა.
11-ვე დაკავებულს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.





