ნარკოდანაშაული

გელა გელაძის თქმით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავეს

ივანიშვილის შს მინისტრმა, გელა გელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ 34 პირი დააკავეს, რომელთა შორისაც არიან როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეები.

"გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი უმეტესობა ახდენდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას, ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვაში.

აქვე დავაზუსტებ, რომ  რამდენიმე მათგანი არის მსხვილი ნარკორეალიზატორი.

გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქმებში. ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს. კერძოდ, ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში.

ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანანო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის: ჰეროინი, კოკაინი, სუბოქსინი, მეთადონი, ალფა პვპ და სხვა. ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა" - განაცხადა გელაძემ.

მისივე თქმით, ასევე ამოიღეს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ პირებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები