ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ეუთოს რეზოლუციას დისკრედიტაციისა და საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "რეზოლუციაში, ისევე როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაში, საუბარია მხოლოდ გარკვეული სახის დარღვევებზე და არა არჩევნების გაყალბებაზე". 

ცესკო ამტკიცებს, რომ საქართველოში გამოვლენილ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე.

"ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ასახული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს" - წერს ცესკო და ეუთო/ოდირის დასკვნას იშველიებს. 

"ეუთოს რეზოლუციას დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ არც ეუთო/ოდირის მიერ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ანგარიშში და არც ეუთოს რეზოლუციაში საუბარი არ არის არჩევნების გაყალბებაზე, კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ადასტურებს ეუთოს რეზოლუცია.

ეუთოს რეზოლუციაში, ისევე როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაში, საუბარია მხოლოდ გარკვეული სახის დარღვევებზე და არა არჩევნების გაყალბებაზე. აქვე უნდა ითქვას, თუ ჩვენ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ცხადად ვნახავთ, რომ დარღვევებზე/ხარვეზებზე საუბარი ყველგან გვხვდება, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ისინი არ ახდენდნენ გავლენას არჩევნების შედეგებზე. საქართველოში გამოვლენილ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია მთავარზე - ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანზე და არჩევნების შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ, მედიის საშუალებით, თავადაც ნახა ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება ეუთოს ასამბლეაზე, რომ მოსახლეობის ნება ასახულია არჩევნების შედეგში" . - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ცესკო წერს, რომ აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია "გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები" საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ეს ეს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც გვხვდება.

"ცესკო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქმიანობს მიუკერძოებლად, კანონიერად და ობიექტურად. ამავდროულად, მკაცრად გმობს ყველა მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას  და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხელყოფას. საარჩევნო ადმინისტრაცია უპასუხოდ არ დატოვებს არცერთ უსაფუძვლო განცხადებას და საზოგადოებას მიაწვდის გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას". - წერს ცესკო. 

3 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები, სადაც საუბარია, მათ შორის, საქართველოს შესახებ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. ამასთან, ანგარიში ოცნებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები