მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძესა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრა დასრულდა. კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებლის თემურ ჭყონიას განცხადებით, შეხვედრაზე პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა, მისი თქმით, ბიზნესის საკითხები განიხილეს.
"ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. [პოლიტიკა] თემა არ ყოფილა და ამიტომაც, არც არავის არ დაუსვია ეს [საკითხი].
საინტერესო იყო, რომ, როგორ გავახმაურო არ ვიცი, ვინმესთვის შეიძლება უხერხულია, მაგრამ [ითქვა, რომ] ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა - ეგ ვიცოდით, მაგრამ ახლა ხდება მათი შემცირება. საინტერესო იყო, ცუდი არ იყო. პროგრამული თემები არ ყოფილა. ცოტა კითხვები იყო, სხვათა შორის. გეგმები არ იყო საუბრები იყო. მე მგონია, რომ ასეთ დიდ საფეხურებზევე გეგმებზე, პრეზენტაციებზე, სტრატეგიებზე არ საუბრობენ, გასაუბრება იყო" - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე დაისვა თუ არა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობის საკითხი, თემურ ჭყონიამ თქვა, რომ აღნიშნული არ ყოფილა, რაგან მსგავსი საკითხების დასმის ფორმატი არ იყო.
"მამუკა და ბადრი ჩემი მეგობრები არიან და განვიცდი ძალიან ამ თემას, ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ფორმატს გააჩნია სად უნდა ილაპარაკო ამ თემის გარშემო - ეს ფორმატი არ ყოფილა დღეს" - თქვა ჭყონიამ.
ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორის ირაკლი კვერღელიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს თუ როგორ უნდა შემოვიდეს უცხოური ინვესტიები საქართველოში.
ინიციატივები იყო ძალიან ბევრ სეგმენტში, იყო ჯანდაცვის სექტორში, დეველოპმენტის სექტორში, იყო ტრანსპორტის სექტორშიც, მომსახურების სფეროშიც... პირველი თემა იყო წახალისების მიზნით გარკვეულის სტიმულაციების გაკეთება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ ინვესტიციის შემოტანის საქართველოში" - თქვა კვერღელიძემ შეხვედრის შემდეგ.
მოგვიანებით, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციამაც:
"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რომლითაც საქართველო ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზეა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად და ამ მიმართულებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაშიც დიდია ბიზნესის წვლილი, ვინაიდან სწორედ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა.
პრემიერი ასევე შეეხო ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებს, დაბალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.
ბიზნესთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებზე. აღინიშნა, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველაფერი გაკეთდება კორუფციის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად. პრემიერის თქმით, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და საკადრო ცვლილებებშიც უპირატესობა კეთილსინდისიერებას ენიჭება.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, მათ შორის - მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობა, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, აგრეთვე მსხვილი შესყიდვების დეტალური კონტროლი, რასაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს.
პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო". - ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.





