ბიზნესმენებთან შეხვედრა

უსუფაშვილი: მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდით თავის მოწონება არ შეიძლება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მზად არის ბიზნესსექტორთან ინტენსიური შეხვედრები გამართოს. სასტუმრო რედისონში გამართულ შეხვედრაზე უსუფაშვილმა ბიზნესმენებს შესთავაზა, რომ მას და პარლამენტის სხვა წარმომადგენლებს კვარტალში ერთხელ მაინც შეხვდნენ. უსუფაშვილის თქმით, ქვეყნის განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესია, კერძო სექტორს სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა, თანადგომა და გარანტია თავისუფალი კონკურენციისთვის. უსუფაშვილი მზად არის, ბიზნესსექტორს ჩააბაროს ანგარიში, თუ რას აკეთებს ამ მიმართულებით პარლამენტი და რა საკანონმდებლო ინიციატივები მზადდება. 

"მოდი, რაც შეიძლება მეტი ფული ამოვიღოთ ბიუჯეტისთვის - ასეთ მიდგომას და აზროვნებას ბოლო უნდა მოეღოს. უნდა დასრულდეს ამით სიამაყე. ძალიან კარგი იყო, რომ წინა ხელისუფლებამ საბიუჯეტო დისციპლინა დაამყარა და ბიუჯეტის მაჩვენებელი რამდენჯერმე გაზარდა, თუმცა მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდით თავის მოწონება არ შეიძლება. არსებობს ათჯერ და მეტჯერ მნიშვნელოვანი პარამეტრი იმის გასაზომად, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკა, რამდენად მდგრადია ეკონომიკის ზრდა და რამდენად შეგვერგება მომატებული პარამეტრები", - განაცხადა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები