თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს.
ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონის თანახმად, სხდომაზე ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია.
რადიო თავისუფლების ცნობით, დღევანდელ პროცესზე პროკურორებსა და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს სიტყვით მიმართა ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ - "ჩემთვის მკვლელები ხართ" - თქვა მან.
"მე არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად რაც შეეხება, მე პირობას გაძლევთ, მოვა ამ ქვეყანაში დრო, უმაღლესი თანამდებობის პირიდან დაწყებული, აი ის ბიჭი, დამხმარე რომ ზის და ჰგონია, რომ არაფერ შუაშია, იმით დამთავრებული, ყველას მოეთხოვება. იმის გამო კი არა, რომ რომ მე ღვარძლი მექნება, რამე შურისძიების ის, არა, იმიტომ რომ სხვებს არ გაუჩნდეს იმის სურვილი, რასაც თქვენ აკეთებთ და იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ" - განაცხადა ცხადაძემ პუბლიკის ცნობით.
26 ივნისს, ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა. იმავე დღეს ონისე ცხადაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 10 ბრალდებულთან ერთად პატიმრობაში დატოვა.
"მე შემიძლია სამი თაობა მოგიყვანოთ, რომ იმ ასაკში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა მის სისხლში და ხორცში არ გარდაცვლილა არავინ. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია...
სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო.
ვიდეოც არსებობს სერიული მკვლელია, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი.
ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ არ გაპატიოთ.
მოვა დრო მოსამართლიდან დაწყებული, იქ რომ ბიჭი ზის [სხდომის მდივანი] და ჰგონია არაფერ შუაშია, პასუხს აგებს.
იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ.
თუ გინდათ მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაჩემი?
ციხეში ვიგებ, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს. რომელიმე არ ფიქრობთ ამაზე?
ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?
ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს, ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა...
ეს რაც მოხდა ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება.
ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს... ამათმა [პროკურორები] ეს რა იციან" - თქვა ონისე ცხადაძემ.
ცხადაძეს სიტყვა მოსამართლე გალუსტაშვილმა შეაწყვეტინა და კორექტულობისკენ მოუწოდა - "მესმის თქვენ რა მდგომარეობაში ხართ, ძალიან არ მინდა შეგაწყვეტინოთ, კორექტულობის ფარგლებში...".
"გესმით ჩემი? მამათქვენი როგორ არის, ცოცხალი გყავთ მამა?" - მიმართა ცხადაძემ გალუსტაშვილს.
"მე ვიცი, რომ ეს ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ქვეყანა მეცოდება, საიდან იქნება ამოსათრევი არავინ არ ფიქრობს. სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს, ამის გამო თავს ვერ დავხრი და ვერავის შევეხვეწები გამიშვით-მეთქი, ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მივხედოთ, იმაზე იდარდეთ, რა ქვეყანაც გვაქვს" - თქვა ონისე ცხადაძემ რადიო თავისუფლების ცნობით.
ონისე ცხადაძე რეჟიმის მესამე პატიმარია, რომელსაც პატიმრობაში ყოფნის დროს მშობელი გარდაეცვალა, იქამდე გიორგი ახობაძეს დედა, გურამ მირცხულავას კი მამა გარდაეცვალა.





