აშშ-ჩინეთი

SCMP: ჩინეთი შიშობს, რომ რუსეთის მარცხის შემთხვევაში, აშშ ყურადღებას მთლიანად მასზე გადაიტანს

South China Morning Post რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს, კაია კალასს,  2 ივლისს განუცხადა, რომ პეკინი ვერ დაუშვებს რუსეთის დამარცხებას უკრაინაში, რადგან შიშობს, რომ ამის შემდეგ აშშ მთელ ყურადღებას ჩინეთზე გადაატანს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი ეს განცხადება ეწინააღმდეგება ჩინეთის საჯარო რიტორიკას, რომ პეკინი "ომის მხარე არ არის" და ბრიუსელში ამის საწინააღმდეგო ეჭვებს ადასტურებს. გამოცემის მიხედვით, EU-ს ზოგიერთი წარმომადგენელი ვანგის გულახდილობამ გააკვირვა.

წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ საუბრისას ვანგ იმ უარყო ბრალდება, რომ ჩინეთი ფინანსურად ან სამხედრო კუთხით ეხმარება რუსეთს. მისი თქმით, რომ ასეთი მხარდაჭერა მართლაც რომ ხდებოდეს, ომი "უკვე დიდი ხნის წინ დასრულდებოდა".

გამოცემა EU-ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგმა ევროპელმა დიპლომატმა ვანგის საუბარი "რეალპოლიტიკის გაკვეთილად" შეაფასა, რომელშიც მან ხაზი გაუსვა პეკინის რწმენას, რომ ვაშინგტონი მალე მთლიანად გადაიტანს ყურადღებას აზიაზე.

გამოცემა უწყება, რომ ვანგის განცხადების ერთ-ერთი შესაძლო ინტერპრეტაცია ბრიუსელში ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ეს ომი არ სურდა, პეკინს მისი გაჭიანურება შესაძლოა სტრატეგიულად აწყობდეს - იმდენად, რამდენადაც აშშ კვლავ უკრაინის ომშია ჩართული.

წყაროების ცნობით, ვანგმა კალასს მიანიშნა, რომ მოახლოებული ჩინეთში დაგეგმილი ორდღიანი სამიტი შესაძლოა შემოკლდეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პეკინი უკმაყოფილოა ევროკავშირის პოზიციით ღონისძიების წინ.

გამოცემის მიხედვით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში ორი მცირე ჩინური ბანკის შავ სიაში შეყვანას გეგმავს, რადგან ისინი რუსულ საფინანსო სექტორს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. წყაროების თქმით, ვანგმა კალასი რამდენჯერმე მკაფიოდ გააფრთხილა, რომ თუ ეს მოხდება, პეკინი აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.

ასევე, გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი სავაჭრო საკითხებში პეკინზე ზეწოლას აგრძელებს - მიმდინარეობს და იგეგმება ათობით გამოძიება სუბსიდიების, "დემპინგისა" და ბაზრის მანიპულაციის სხვა პრაქტიკების თაობაზე.

კომენტარები