ერთი დღის შემდეგ, რაც თეირანმა მიიღო კანონი, რომელიც გაეროს ბირთვულ მონიტორინგის სააგენტოსთან თანამშრომლობას აჩერებს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი კვლავ რჩება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა (NPT) და მის შესაბამისი მონიტორინგის წესების ერთგული.
"აშკარა უსაფრთხოების მიზეზების გამო, ჩვენი თანამშრომლობა IAEA-სთან (ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) შემდგომში ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მეშვეობით განხორციელდება" - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ზე.
არაღჩის განცხადება X-ზე გამოქვეყნდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდების საპასუხოდ, რომელიც თეირანს სააგენტოსთან თანამშრომლობის აღდგენისკენ მოუწოდებდა.
არაღჩიმ გერმანია "ირანზე ისრაელის უკანონო თავდასხმების ღია მხარდაჭერაში" დაადანაშაულა.
გუშინ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც ირანი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობას წყვეტს.
მანამდე, 25 ივნისს ირანის პარლამენტმა გაეროს ატომურ ზედამხედველ სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის გაწყვეტას დაუჭირა მხარი. თეირანის მიხედვით, სააგენტოს შემუშავებული ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც ირანი არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის ვალდებულებს, ისრაელს კონფლიქტის დაწყებისკენ უბიძგა.
ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაქერ ქალიბაფის თქმით, ირანი გეგმავს სამოქალაქო გამოყენების ბირთვული პროგრამის გაძლიერებას. ირანი უარყოფს ბრალდებებს, რომ ბირთვულ პროგრამას იარაღის შექმნისთვის იყენებს.





