ირანის ბირთვული პროგრამა

ირანის პრეზიდენტმა IAEA-სთან თანამშრომლობის გაწყვეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

მასუდ ფეზეშქიანი
ATTA KENARE/AFP via Getty Images

ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც ირანი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობას წყვეტს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, IRNA პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ ფეზეშქიანმა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციას, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაეს საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კანონის შესრულების დირექტივა გაუგზავნა.

ირანული სამთავრობო მედია, Mehr წერს, რომ კანონპროექტით, IAEA-ს თანამშრომლებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ, თუკი ქვეყნის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება. 

IAEA-მ განაცხადა, რომ ირანის მხრიდან თანამშრომლობის შეწყვეტაზე ცნობების შესახებ იციან, თუმცა ამ ეტაპზე ირანის მხრიდან ოფიციალურ დადასტურებას ელოდებიან.

ცნობისთვის, აქამდე ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr წერდა, რომ ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის ქვეყანაში ბირთვულ ობიექტებზე წვდომა შეუზღუდა, ხოლო IAEA-ს სამეთვალყურეო კამერების დაყენება აუკრძალა.

მანამდე, 25 ივნისს ირანის პარლამენტმა გაეროს ატომურ ზედამხედველ სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის გაწყვეტას დაუჭირა მხარი. თეირანის მიხედვით, სააგენტოს შემუშავებული ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც ირანი არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის ვალდებულებს, ისრაელს კონფლიქტის დაწყებისკენ უბიძგა.

ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაქერ ქალიბაფის თქმით, ირანი გეგმავს სამოქალაქო გამოყენების ბირთვული პროგრამის გაძლიერებას. ირანი უარყოფს ბრალდებებს, რომ ბირთვულ პროგრამას იარაღის შექმნისთვის იყენებს. 

კომენტარები