ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

უილსონი: ქართულ ოცნებას უყვარს ტერორისტი ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია და სძულს აშშ

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი

აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გამოეხმაურა ცნობას, რომ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანის საელჩოში პატივი მიაგო "ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას" და ირანის რეჟიმს სოლიდარობა გამოუცხადა. 

"ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი თეირანის ტერორისტული რეჟიმის ღონისძიებაზე მივიდა, რომელიც "ისრაელის რეჟიმის თავდასხმისას მოკლულ მოწამეთა ხსოვნას" ეძღვნებოდა, და ტერორისტებს სოლიდარობა გამოუცხადა. ქართულ ოცნებას უყვარს ტერორისტი ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია, და სძულს ამერიკა." - დაწერა უილსონმა X-ზე. 

ცნობისთვის, თბილისში ირანის საელჩოს განცხადების მიხედვით, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანს სოლიდარობა გამოუცხადა და პატივი მიაგო ირანში "ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას".

საელჩოს ცნობით, ღონისძიებას ხვთისიაშვილი გარდა ასევე თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე და ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.

საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სურათზე ჩანს ღონისძიებაზე გამოფენილი დაღუპული ირანელი გენერლებისა და ბირთვული მეცნიერების სურათებიც, რომლებიც ისრაელის იერიშებს ემსხვერპლნენ. მათ სურათებს თან ახლავს წარწერა, "მედგრობის გმირები".

მოგვიანებით, ისრაელის საელჩო ირანის საელჩოში ბოჭორიშვილის მოადგილის ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარით ისინი "შეშფოთებულები" არიან.

"შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას. იმ დროს, როცა დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმად იმედგამაცრუებელია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია." - წერია განცხადებაში, რომელიც ისრაელის საელჩომ ფორმულას გაუგზავნა. 

კომენტარები