Reuters აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის დასანაღმად ემზადებოდა. გამოცემის მიხედვით, ივნისში ირანის შეიარაღებულმა ძალებმა სპარსეთის ყურეში გემები საზღვაო ნაღმებით დატვირთა.
წყაროების მიხედვით, ირანის მხრიდან საეჭვო მოქმედებები აშშ-ს დაზვერვამ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშებიდან მალევე შენიშნა. რამდენიმე დღიანი კონფლიქტის დროს კი არსებობდა საფრთხე, რომ ირანს შეიძლებოდა ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გადაწყვეტილება მიეღო, რაც ძალიან დიდ ზიანს გამოიწვევდა საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
ჰორმუზის სრუტი საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მეხუთედი გადის.
ირანის პარლამენტმა სრუტის ბლოკირებას 22 ივნისს დაუჭირა მხარი, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა იერიში. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაეს საბჭომ უნდა მიიღოს.





