სომხეთი

სომხეთში მთავარეპისკოპოსის დასაკავებლად პოლიცია ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში შევიდა

სომხეთის პოლიცია მობილიზებულია ეჩმიაძინის საკათედრო ტაძართან, სადაც პატრიარქ-კათალიკოსი გარეგინ II იმყოფება. სამართალდამცავები ცდილობენ მთავარეპისკოპოსის, მიქაელ აჯაფაჰიანის დაკავებას, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

Armenpress-ის მიხედვით, პოლიციასა და ეკლესიის ტერიტორიაზე მყოფ პირებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსმა თქვა, რომ ის თავისი ნებით გაყვებოდა სამართალდამცავებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მას უკანონოდ აკავებენ და ის სრულად უდანაშაულოა.

25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.

მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.

"სამართალდამცავმა ორგანოებმა კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების მასშტაბური და ბოროტი გეგმა აღკვეთეს, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას". - წერს ფაშინიანი.

კომენტარები