თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.
დღევანდელი პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - არ შეცალა აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა, თვითაცილება არ დაუკმაყოფილა საზოგადოებრივ ადვოკატებს, რომლებიც წინა სხდომაზე ბრალდებულებს მათი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა და საქმიდან თავი არ აიცილა.
დღევანდელ პროცესზე პირველი ბრალდებულებმა დააფიქსირეს პოზიცია. მათ საზოგადოებრივი ადვოკატების აცილება მოითხოვეს. 11-ვე ბრალდებულის განცხადებით, მათ ჰყავთ კერძო ადვოკატები, რომლებსაც ენდობიან და არ სურთ დამატებითი საზოგადოებრივი ადვოკატი.
"2025 წლის 25 ივნისს ჩემთან სანახავად იყო მოსული სასამართლოს მიერ ჩემთვის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, სალომე არდოტელი, რომელთანაც არანაირი პირადი წყენა არ მაქვს, მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო, თუმცა არ მგონია, რომ ახალა ამ სიტუაციაში მიზანშეწონილი იყოს, რომ ეს ადამიანი მიცავდეს. ჩემს ინტერესებს იცავენ ჩემ მიერ კერძო წესით არჩეული ადვოკატები, ეკა ბესელია, თორნიკე მიგინეიშვილი, ნათია კორკოტაძე და ირაკლი ჟორჟოლიანი, და სრულ ნდობას ვუცხადებ მხოლოდ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 4 ადვოკატს. საქმესთან დაკავშირებულ ვერცერთ დეტალს მე უცხო სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატთან ვერ შევათანხმებ. იძულების წესით ადვოკატის დანიშვნა ჩემთვის და მასთან სამომავლო შეხვედრა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციით საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩემს უფლებებს". - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
11 პირის პროცესზე თვითაცილება დააყენეს საზოგადოებრივმა ადვოკატებმაც. საზოგადოებრივი ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულებს მათთან კომუნიკაცია არ სურთ და ეთანხმებიან ბრალდებულებს, რომ აცვა უნდა განხორციელდეს კანონის წესით, ნდობის შესაბამისად.
ერთ-ერთი ადვოკატი განმარტავდა, კანონის მუხლს რომელიც სავალდებულო დაცვას გულისხმობს, მისი თქმით ამ საქმეში აღნიშნული გარემოება არ იკვეთება. ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატს კანონის ნორმის განმარტების საშუალება არ მისცა.
"აქ ბრალდებულებს ზოგს ორი ადვოკატი ჰყავს, ზოგს სამი, ზოგს ოთხი. ჩვენ გვაწერია ისეთი საქმეები, რომელთა უფლებებს ვიცავთ, რომელთაც მომკითხველიც კი არ ჰყავს. აქ დღეს დარბაზი პრაქტიკულად გადაჭედილია, უამრავი მხარდამჭერი ჰყავთ. ჩვენ ისეთი ადამიანების დაცვა გვიწევს, რომლებსაც მომკითხველიც კი არ ჰყავთ. ვემსახურებით მათ უფასოდ, ზედმეტი დრო და რესურსი არაა საჭირო, რომ დაიხარჯოს. მით უმეტეს, კვალიფიციური ადვოკატები ჰყავთ და პირად კომუნიკაციაშიც არ შემოდიან" - მიმართა საზოგადოებრივმა ადვოკატმა ირაკლი ბენიამ მოსამართლეს.
11 პირის ადვოკატებმა საზოგადოებრივ ადვოკატებს თვითაცილების შუამდგომლობის გამო მადლობა გადაუხადეს.
გალუსტაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ბრალდებულების ნების საწინააღმდეგოდ, მათ საზოგადოებრივი ადვოკატებიც დაიცავენ.
"აცილების საფუძველი არ არსებობს, საქმეს განვაგრძობთ საზოგადოებრივი ადვოკატების მონაწილეობით და ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებით". - განაცხადა გალუსტაშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ ადვოკატები მოსამართლეს იმ ნორმის მითითებას სთხოვდნენ, რის საფუძველზეც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. გალუსტაშვილს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია და დაცვის მხარემ მისი აცილება მოითხოვა.
აცილების შუამდგომლობის დაყენებისას მოსამართლემ ადვოკატებს საუბარი რამდენჯერმე გააწყვეტინა, არ მისცა საშუალება წაეკითხათ კანონის მუხლები. გალუსტაშვილი იმეორებდა, რომ კანონის ნორმები სასამართლოსთვის ცნობილია.
ბრალდების მხარე მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ დაეთანხმა - ნინო გალუსტაშვილმა თავი არ აიცილა.
აღნიშნულის შემდეგ სავალდებულო წესით გადაისინჯა ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება [ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს].
პროკურორებმა ვაჟა თოდუამ და ვახტანგ ცალუღელაშვილმა 11-ვე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. ბრალდების მხარის განცხადებით, კვლავ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
დაცვის მხარე ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. მათი განცხადებით პროკურატურის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ არსებობს საფუძველი რის გამოც ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩნენ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა - 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში რჩება.
დღევანდელი სხდომა დატოვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა. დარბაზიდან მოსამართლემ გააძევა რევაზ კიკნაძე.
წინა პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კი 11-ვე ბრალდებულს დამატებით სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა, დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო მომდევნო პროცესი მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გაგრძელდება.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.





