რეჟიმის პატიმრები

11 პირის პროცესი: მოსამართლემ თავი არ აიცილა - ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი დასრულდა. სხდომაზე მოწმეების გამოკითხვა ვეღარ შეძლეს, რადგან ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი ქერაშვილმა დარბაზი დატოვა. დღევანდელ პროცესზე 7 მოწმე უნდა გამოეკითხათ. 

დაცვის მხარემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ადვოკატებმა გალუსტაშვილის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, ირაკლი ქერაშვილმა სასამართლო სხდომა დატოვა, ნინო გალუსტაშვილმა კი 11-ვე ბრალდებულს დამატებით სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა, დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად. 

"წარმოდგენილ თერთმეტივე ბრალდებულთან დაკავშირებით, სასამართლო დამატებით დანიშნავს სახაზინო ადვოკატს" - განაცხადა ნინო გალუსტაშვილმა.

დღევანდელ პროცესს ირაკლი ქერაშვილის უფლებადამცველი ვერ დაესწრო. სახაზინო ადვოკატების დანიშვნის გადაწყვეტილება გალუსტაშვილმა ამ მიზეზით მიიღო. 

"ვინაიდან ჩემი უფლებადამცველი არ არის აქ, ვთვლი, რომ დღეს შეიძლება გაჟღერდეს ისეთი მოცემულობა, რომელიც იქნება ჩემი ადვოკატისთვის, შესაბამისად, დავტოვებ სხდომას" - მიმართა ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლეს.

გალუსტაშვილმა მისი არ აცილება "სწრაფი მართლმსაჯულებით" დაასაბუთა. მას მიმართეს ბრალდებულებმაც და უთხრეს, რომ სახაზინო ადვოკატის დანიშვნა არ სურდათ.

"რაღაცაზე გეუბნებით, არ მინდა-მეთქი და ძალით მაკეთებინებთ. ეგაა ძალადობა - გინდა ფსიქოლოგიური დაარქვით, გინდაც მორალური, გინდა - ფიზიკური, რაც გინდათ, ის დაარქვით" - მიმართა გალუსტაშვილს ონისე ცხადაძემ. 

გალუსტაშვილმა აღნიშნულის შემდეგ სხდომა დაასრულა, რადგან მას ბრალდებული ქერაშვილი აღარ ესწრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო მომდევნო პროცესი მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გაგრძელდება.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

კომენტარები