აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის განცხადებით, სანდო სადაზვერვო ინფორმაცია აჩვენებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ს იერიშების შედეგად "მძიმედ დაზიანდა", ხოლო რამდენიმე საკვანძო ბირთვული ობიექტი "განადგურებულია".
აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) პირველად შეფასებაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ მედიაში გაჟონა, აღნიშნული იყო, რომ აშშ-ს მიერ 22 ივნისს ირანის 3 ბირთვული ობიექტის დაბომბვამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის განვითარება მხოლოდ რამდენიმე თვით შეაფერხა, რაც გაცილებით მსუბუქი შედეგი იყო იმასთან შედარებით, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა.
რეტკლიფმა X-ზე დაწერა, რომ CIA-ს შეფასება "სანდო სადაზვერვო მონაცემებზეა" დაფუძნებული და ის ეწინააღმდეგება "ირანის საკვანძო ბირთვული ობიექტების დესტრუქციის შესახებ არალეგალურად მოპოვებულ ინფორმაციას".
CIA-ს დირექტორის თქმით, ახალი სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვეს "ისტორიულად სანდო და ზუსტი წყარო/მეთოდის [გამოყენებით], რომ ირანის რამდენიმე საკვანძო ბირთვული ობიექტი განადგურებულ იქნა, რის შედეგადაც შემდეგი წლების განმავლობაში მათი ხელახლა აშენება მოუწევდათ".
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა ამავე დღეს, უფრო ადრე მსგავსი შეფასება გააკეთა ირანის ბირთვულ პროგრამაზე აშშ-ს იერიშების შედეგების შესახებ.
NBC News-ის ცნობით, ექსპერტები და დაზვერვის ყოფილი ოფიცრები ამბობენ, რომ ირანს შეუძლია, საკუთარი ბირთვული პროგრამა 22 ივნისს დაბომბილი 3 ბირთვული ობიექტის გარეშეც აღადგინოს, თუკი მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანისა და ცენტრიფუგების უზრუნველყოფას გააგრძელებს.
რატკლიფის განცხადების გამოქვეყნებამდე, ტრამპმა DIA-ს შეფასება შეაფასა, როგორც ნაადრევი და შეუჯამებელი და რამდენჯერმე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები და ბირთვული პროგრამა აშშ-ს იერიშების შედეგად "სრულად განადგურდა".
საკითხზე ინფორმირებული 3 წყარო NBC News-ს ეუბნება, რომ DIA-მ თავის პირველად შეფასებას "დაბალი ნდობის" სტატუსი მიანიჭა.
DIA-ს პირველადი შეფასება ეფუძნებოდა 22 ივნისის საღამო პერიოდის მიგნებებს, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ კომპლექსებზე იერიშებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ჰააგაში NATO-ს სამიტზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ DIA-ს შეფასებას "დაბალი ნდობის" სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ვინაიდან დაბომბილი ობიექტების მტკიცებულებები "მთის ქვეშ არის დამარხული, დანგრეული და სრულად განადგურებული".
24 ივნისს ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ DIA-ს პირველადი შეფასება აჩვენებდა, რომ აშშ-ს იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება, სავარაუდოდ, დაახლოებით სამიდან ექვს თვემდე შეაფერხა, თუმცა იგი სრულად განადგურებული არ იყო, როგორც ამას აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებდა.





