საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სასმსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 914 000-ია, საიდანაც 2 078 000 (53%) ქალია, ხოლო 1 836 000 (47%) კაცი.
საქსტატი საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც მოიცავს მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში.
"საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები" - წერს საქსტატი.
აღწერა 2024წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საბოლოო მონაცემები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 000 კაცი (62 %) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 000 კაცი (38%) - სოფლად.
რეგიონების მიხედვით საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 66%, რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის 20%, კახეთის 21%, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 24% რეგიონებში.
2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, თბილისში მოსახლეობის 34% ცხოვრობს.

მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები. ბოლო ადგილზე კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია.

ქალების წილი მაღალია თბილისსა 56% და ქუთაისში 55%, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის 49%, ხარაგაულის 49% და საგარეჯოს 49 მუნიციპალიტეტებში.





