საქართველოს მოსახლეობა

2021 წელს საქართველო 99 974-მა ადამიანმა დატოვა, ემიგრანტების რიცხვი 34.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წელს ემიგრანტების რიცხვი 2020 წელთან შედარებით 34.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქართველო გასულ წელს 99 974-მა ადამიანმა დატოვა. რაც შეეხება იმიგრანტებს, მათი რიცხვი 17.8%-ით შემცირდა (74 008 ადამიანი).

საქსტატი აღნიშნავს, რომ 2021 წელს იმიგრანტების 82.5% და ემიგრანტების 88.6% შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობაა (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი).

"2021 წელს, იმიგრანტების 53.4%-ს (39 526 ადამიანი), ხოლო ემიგრანტების 80.4%-ს (80 351 ადამიანი) საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ" - აღნიშნავს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

საქსტატის ცნობითვე, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688 600 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. 2021 წელს აღირიცხა უარყოფითი ბუნებრივი მატება (13 960 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (25 966 ადამიანით მეტი წავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა).

კომენტარები