აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

დაკავებული რუსი ბიზნესმენი, შესაძლოა, აშშ-ში კიბერშეტევებზე ცნობების "ოქროს საბადო" იყოს

დაკავებული რუსი ბიზნესმენი ვლადისლავ კლუშინი, შესაძლოა, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებისთვის რუსულ კიბერშეტევებზე ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო აღმოჩნდეს. ამის შესახებ გამოცემა CNN-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ესაუბრნენ.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის და შიდა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი წარმომადგენლების თქმით, კლუშინის კიბერუსაფრთხოების ფირმა რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობდა და მისი სავარაუდო კავშირები რუსეთის სამხედრო დაზვერვის GRU-ს ყოფილ ოფიცერთან აშშ-ს დაზვერვისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

აშშ-ს კიბერ- და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ქრისტოფერ კრებსის თქმით, კლუშინის დაკავება და მისი გასამართლება აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებისთვის ინფორმაციის "ოქროს საბადოა", რადგან მან, შესაძლოა, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს სადაზვერვო სამსახურებს აშშ-სა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ GRU-ს მოქმედებებზე.

"ეს რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი – თუ ლაპარაკს დაიწყებს, შესაძლოა, დაადასტუროს სადაზვერვო სამსახურების მიგნებები 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობებზე". – თქვა კრებსმა.

კიბერ- და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლუშინი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, მის მიერ წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება "ძლიერი სიგნალი სხვებისთვის, რომ რუსეთს გარეთ მათ მოქმედების დიდი თავისუფლება არ აქვთ".

აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილის ყოფილი თანაშემწის, კელენ დვაიერის თქმით, კლუშინი ამერიკელი გამომძიებლებისთვის ბუნებრივი სამიზნეა.

"რუსეთი მაღალი რანგის კიბერდამნაშავეების ექსტრადირებას სხვადასხვა მიზნით ეწინააღმდეგება, მათ შორის, მათ არ სურთ, რომ აშშ-ს ჰქონდეს წვდომა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ [ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებს] დაეხმარონ, უკეთ გაიგონ, როგორი ურთიერთობა აქვთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებსა და კიბერდამნაშავეებს." - თქვა დვაიერმა.

FBI-ის ყოფილმა წევრმა ჰოლდენ ტრიპლეტმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კლუშინის დაკავებამ შეიძლება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ყველა იმ მოქმედებას შეუშალოს ხელი, რომლებზეც კლუშინს ან მის კომპანიას ინფორმაცია ჰქონდათ.

ვლადისლავ კლუშინი შვეიცარიაში 2021 წლის მარტში დააკავეს. მისი აშშ-ში ექსტრადირება გასულ თვეს მოხდა.

აშშ-ს ხელისუფლებას კლუშინი პირდაპირ ჯერ არ დაუკავშირებია 2016 წელს აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობებთან, მაგრამ მასთან ერთად თაღლითობაში ბრალდებულია ივან ერმაკოვი. ერმაკოვი კი ერთ-ერთია GRU-ს იმ ოფიცრებიდან, რომლებსაც 2018 წელს აშშ-ში ბრალი წაუყენეს დემოკრატიული ეროვნული კომიტეტიდან დოკუმენტების უკანონოდ გასაჯაროებით 2016 წლის არჩევნებში ჩარევისთვის.

კლუშინს, ერმაკოვს და რუსეთის კიდევ სამ მოქალაქეს ბრალად ედება ჰაკერული თავდასხმები და თაღლითობა – 2018-2020 წლებში საფონდო ბირჟაზე შიდა ვაჭრობის სქემაში მონაწილეობა. კრიმინალური საქმიანობის ფარგლებში, ისინი იმ ფირმების კომპიუტერულ სისტემებში აღწევდნენ, რომლებსაც სხვადასხვა კომპანია, მათ შორის ტესლა, აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიისთვის წარსადგენი ანგარიშების შედგენას უკვეთავდა. კიბერთავდასხმების საშუალებით მათ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა. საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა დაშვებულია მხოლოდ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე. სამართალდარღვევაა, თუ პირი შიდა, ანუ კონფიდენციალური ინფორმაციის საფუძველზე ვაჭრობს.

ერმაკოვი კლუშინის ფირმაში, M-13-ში მუშაობდა, რომლის ვებგვერდის მიხედვით, კომპანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებს IT-მომსახურებას სთავაზობს.

კომენტარები