ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანის 400 კილოგრამის ოდენობის 60%-მდე გამდიდრებული ურანის შესახებ "საინტერესო სადაზვერვო ინფორმაცია" აქვთ, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
ამის შესახებ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
"ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთადერთი კომპონენტი არ არის. საკმარისი კომპონენტი არ არის, მაგრამ მნიშნველოვანი კომპონენტია და ამის შესახებ საინტერესო სადაზვერვო ინფორმაცია გვაქვს, რომელსაც თუ არ გაგიზიარებთ, მომიტევებთ". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ უნდა ემოქმედა, რადგან თეირანმა ისრაელის მიერ 2024 წლის სექტემბერში ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას მოკვლის შემდეგ ბირთვული შეიარაღების პროგრამაზე მუშაობა დააჩქარა.
გარდა ამისა, ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ ისრაელი "ძალიან ახლოს" არის ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის საფრთხის აღმოფხვრასთან.
"ჩვენს ქმედებებს არ გავაგრძელებთ იმის მიღმა, რაც მათ მისაღწევად საჭიროა, თუმცა არც ნაადრევად შევჩერდებით. როდესაც ამოცანები მიღწეული იქნება, მაშინ ოპერაცია დასრულებული იქნება და ბრძოლა შეწყდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის რეჟიმი, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს და ეს ოპერაცია სწორედ ამიტომ დავიწყეთ, რათა ჩვენი არსებობის წინაშე არსებული ორი კონკრეტული საფრთხე აღმოვფხვრათ: ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე. ამ მიზნების მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ ვმოქმედებთ. მათ მიღწევასთან ძალიან, ძალიან ახლოს ვართ.
ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ისრაელის გადმოსახედი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გააცნო და მან "ეს ძალიან კარგად გაიგო".
"ვუთხარი ჩვენი მხრიდან ქმედების საჭიროებაზე და მან ეს ძალიან კარგად გაიგო. ვიცოდი, რომ როდესაც კრიტიკული მომენტი დადგებოდა, სწორ ნაბიჯს გადადგამდა. ამერიკისთვის სწორ ნაბიჯს გადადგამდა. თავისუფალი სამყაროსთვის სწორ ნაბიჯს გადადგამდა. ცივილიზაციისთვის სწორ ნაბიჯს გადადგამდა". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ღაზაში ომთან დაკავშირებით ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის "შესაძლოა ხვალ დასრულდეს" და "შესაძლოა დღესაც დასრულდეს, თუკი ჰამასი დანებდება, იარაღს დაყრის და ყველა მძევალს გაათავისუფლებს". მისივე თქმით, მზად არიან, რომ ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეთავაზების ფარგლებში მოლაპარაკებები "ახლავე დაიწყონ".
"ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ღაზას განსხვავებული მომავალი მივცემთ. პერმანენტული მშვიდობისთვის გეგმა მაქვს". - თქვა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.
ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის
ცნობისთვის, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშში, რომელზეც AP-მ წვდომა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ 2025 წლის 17 მაისის მდგომარეობით, ირანი ფლობს 408.6 კილოგრამ ურანს, რომელიც 60%-მდეა გამდიდრებული.
ეს ნიშნავს იმას, რომ თებერვლის შემდეგ თეირანმა 60%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგი 133.8 კილოგრამით გაზარდა. IAEA-ს მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იმ დროს ირანის მარაგი 274.8 კილოგრამს შეადგენდა.
როგორც AP წერს, მხოლოდ მცირე ტექნიკური პროცესია საჭირო, რათა თეირანმა დაგროვებული ურანი 90%-მდე გაამდიდროს, რითიც შემდგომ ბირთვული იარაღის დამზადება შეეძლება.
IAEA-ს გენერალურ დირექტორს, მარიანო გროსის ხშირად უთქვამს, რომ "ირანი ბირთვული იარაღის არმქონე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ურანს ამ დონემდე ამდიდრებს". 31 მაისს გროსიმ განაცხადა, რომ იგი "კვლავაც მოუწოდებს ირანს, სრულად და ეფექტურად ითანამშრომლოს" IAEA-სთან.





