რუსული რეჟიმი

რაჟდენ კუპრაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას მალავს – TI

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, 2024 წლის ბოლოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსება უწევდა, თუმცა დოკუმენტი დეკლარაციების ვებ-გვერდზე არ დევს.

მათი განცხადებით, დოკუმენტი ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვეს, მაგრამ კუპრაშვილის უწყებამ ის არ მიაწოდათ.

"ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს ქონებრივი დეკლარციის შევსება უწევდა. ეს ვალდებულება მას არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის გამო წარმოეშვა. დოკუმენტი არ იძებნება დეკლარციების ვებგვერდზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოგვაწოდა ის. 

შედარებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელიც ასევე მცირე ხნით ფორმალურად იყო პარლამენტის წევრი, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა საერთოდ არ შეავსო დეკლარაცია.

რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შემსრულებლის როლი შეითავსა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან უკანონოდ ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას მაშინ, როცა ქონებისა და კავშირების დეკალარირებისა და ამ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით მკაფიოდ გაწერილ ვალდებულებას უხსნის ამ რეპრესიების დამკვეთ ივანიშვილს". - წერს TI.


ცნობისთვის, 18 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 17 ივნისს "ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო". უწყებამ NGO-ებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები მოსთხოვა. 

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისა და ივანიშვილის წარმომადგენლის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, დეზინფორმაციაა, რომ ბიურო NGO-ებს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას არამიზნობრივად სთხოვს.

კუპრაშვილის განცხადების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ფოტო გაავრცელეს, რომელშიც რეჟიმი მათ ორგანიზაციებს ბენეფიციარებისა და მონაწილე პირების სახელებს, გვარებს, პირად ნომრებსა და აქტივობის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას სთხოვს. 

კომენტარები