ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი, რომელიც ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ იერიშებამდე 15 ივნისს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.
ბადრ ალ-ბუსაიდიმ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამას წინ უძღვის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადება, რომ მიმდინარე იერიშების განმავლობაში ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების გამართვა "გაუმართლებელი" იქნებოდა.
ომანი აშშ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს შუამავლობს.
"ირანი-აშშ-ს მოლაპარაკებები, რომელიც მუსკატში კვირას იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება. თუმცა დიპლომატია და დიალოგი კვლავაც ერთადერთ გზად რჩება გამძლე მშვიდობამდე". - წერს ალ-ბუსაიდი.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ომანის დედაქალაქ მუსკატში კვირას, 15 ივნისს უნდა გამართულიყო.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაემ გუშინ, 13 ივნისს თქვა, რომ აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებს "აზრი აღარ აქვს".
"მეორე მხარემ [აშშ-მ] იმგვარად იმოქმედა, რომ დიალოგი მნიშვნელობას კარგავს. ვერ იტყვი, რომ მოლაპარაკება გსურს და ამავდროულად საშუალებას აძლევ სიონისტურ რეჟიმს, რომ ირანის ტერიტორიას შეუტიოს". - თქვა ბაღაემ სააგენტო Tasnim-თან საუბარში.
ბაღაეს თქმით, ისრაელმა "შეძლო გავლენა მოეხდინა დიპლომატიურ პროცესზე" და რომ ირანზე თავდასხმა ვაშინგტონის თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა.
მანამდე, ირანის ბრალდების საპასუხოდ აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმაში ჩართული არ ყოფილა და ბირთვული მოლაპრაკებების გაგრძელება "გონივრული" იქნება.





