დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

გაბარდის თქმით, გასაჯაროებამდე კენედის მკვლელობაზე მასალების გადახედვისთვის AI გამოიყენეს

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენა, რათა განესაზღვრა, თუ რომელი დოკუმენტები დაეტოვებინა გასაიდუმლოებული აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის საქმის მასალებიდან. 

Amazon Web Services კონფერენციაზე საუბრისას 11 ივნისს გაბარდმა თქვა, რომ საქმის ზოგიერთი დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნებამდე მისმა სააგენტომ ათი ათასობით დოკუმენტი მიაწოდა AI სისტემებს, რათა მასალის კითხვისა და შემოწმების სხვაგვარად ხანგრძლივი პროცესი დაეჩქარებინათ. 

"ჩვენ ამის გაკეთება AI ინსტრუმენტების გამოყენებით გაცილებით უფრო სწრაფად შევძელით, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა – რაც მოიცავდა ადამიანების მიერ თითოეული ამ დოკუმენტის ნახვასა და მათში ჩაძიებას". - The Associated Press-ის ცნობით, თქვა გაბარდმა. 

გამოცემის ცნობითვე, ექსპერტები ამბობენ, რომ საქმის მასალების გადახედვის პროცესი ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე რამდენიმე თვე ან წელიწადიც კი გაგრძელდებოდა. 

ამავე გამოსვლაში გაბარდი კერძო სექტორის ტექნოლოგიების გამოყენების მოწოდებით გამოვიდა, რათა ამ ტიპის პროცესების დაჩქარება და თანხების დაზოგვა შესაძლებელი გახდეს და ამასთან, დაზვერვის ოფიცრებს საშუალება მიეცეთ, მეტი დრო დაუთმონ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს. 

"[უნდა მივმართოთ] არსებულ ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს – ძირითადად კერძო სექტორში – იმისათვის, რომ ჩვენი დაზვერვის სპეციალისტებმა, როგორც [მონაცემების] შემგროვებლებმა, ისე ანალიტიკოსებმა, თავიანთი დროისა და ენერგიის იმ საქმეებისთვის დათმობა შეძლონ, რომელთა შესრულებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ". - თქვა გაბარდმა. 

ცნობისთვის, მარტში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იანვრის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე, 1963 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტების 63 000-ზე მეტი გვერდი გასაჯაროვდა, რის ფარგლებშიც ბევრი მათგანი შესწორებების გარეშე გამოქვეყნდა.

აშშ-ს ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციამ საკუთარ ვებგვერდზე დაახლოებით 2 200 ფაილი გამოაქვეყნა, რომელიც კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით დოკუმენტებს შეიცავს. ცნობისთვის, კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით ეროვნული არქივის კოლექციაში არსებული 6 მილიონზე მეტი გვერდი, ფოტოსურათი, კინოფილმი და არტეფაქტი წარსულში უკვე გასაჯაროებული იყო.

რა არის მნიშვნელოვანი კენედის მკვლელობაზე ტრამპის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში

კომენტარები