რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დმიტრი ნოვიკოვი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის საჯარო განხეთქილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ მასკს დასჭირდება, რუსეთს შეუძლია, მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
"მე ვფიქრობ, რომ მასკს სრულიად სხვა გათვლა აქვს და არანაირი პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება. თუმცა, რომ დასჭირდეს, რუსეთი, რა თქმა უნდა, შეძლებდა მისთვის თავშესაფრის მინიჭებას" - თქვა ნოვიკოვმა
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ბიზნესმენ ილონ მასკს შორის ერთ დროს მეტად მჭიდრო ურთიერთობა ბოლო დღეების განმავლობაში მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა – ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრამპის მიერ მხარდაჭერილი "დიდი, ლამაზი" კანონპროექტია, რომელიც საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმებს მოიცავს.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა ტრამპსა და მასკს შორის თავდაპირველად უწყინარ უთანხმოებად აღიქმებოდა, გადასახადების შემცირებას და გარკვეულ სფეროებში (თავდაცვა, სასაზღვრო დაცვა) მთავრობის დანახარჯების ზრდას, ხოლო დანარჩენში (სუფთა ენერგია, ელექტრომობილების სუბსიდიები) – შემცირებას ითვალისწინებს.
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ილონ მასკი, რომელმაც ტრამპის 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიისთვის $300 მილიონამდე დახარჯა, ფიქრობდა, რომ კანონპროექტი სინამდვილეში ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას გამოიწვევდა.
კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატა უკვე გაიარა – მას რესპუბლიკელთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი; დემოკრატებისგან – არავინ. კანონპროექტის კრიტიკაში მასკს მხარდაჭერა რესპუბლიკელმა სენატორებმა, რენდ პოლმა და მაიკ ლიმ გამოუცხადეს.





