ილონ მასკი

ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი
Chris Unger

Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს. ის აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა.

"ჩემ სპეციალურ სახელმწიფო თანამშრომლად განსაზღვრული ვადის ამოწურვასთან ერთად, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ მომცა შესაძლებლობა უაზრო ხარჯები შემემცირებინა.

DOGE-ის მისია, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის განუყოფელ ნაწილად გადაქცევასთან ერთად, კიდევ უფრო გაძლიერდება" - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში

ტრამპმა DOGE ინაუგურაციის პირველ დღესვე, 20 იანვარს, დააარსა და მას სათავეში ილონ მასკი ჩაუდგა. მასკს სპეციალური სახელმწიფო თანამშრომლის სტატუსი მიენიჭა, რომლის მიხედვითაც მას აშშ-ს მთავრობისთვის წელიწადში მხოლოდ 130 დღის განმავლობაში შეეძლო მუშაობა. ეს ვადა მასკს პირველ ივნისს ამოეწურებოდა.

მასკის მიერ მართულმა DOGE-მა მიზნად აშშ-ს ბიუჯეტიდან 2 ტრილიონი დოლარის დაზოგვა დაისახა, თუმცა უწყების ბოლო შეფასებებით 2026 ფისკალური წლისთვის დაზოგილი თანხა მხოლოდ 160 მილიარდს აღწევს.

28 მაისს, ილონ მასკმა თქვა, რომ ის გასულ კვირაში აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული "დიდი, ლამაზი" კანონპროექტის მიღების გამო იმედგაცრუებულია.

25 მაისს გამოცემა New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკი პოლიტიკით იმედგაცრუებული იყო, პოლიტიკაზე ბევრის დახარჯვას აღარ აპირებდა და მას Tesla-სა და SpaceX-ში დაბრუნება სურდა.

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მასკმა აღნიშნა, რომ თუ მომავალში მნიშვნელოვან მიზეზს არ დაინახავს, პოლიტიკურ კამპანიებში ბევრად ნაკლებს დახარჯავს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, მასკი ახლა იმედგაცრუებულია იმით, თუ რა გავლენა შეიძლება მისმა ფულმა პოლიტიკურ სისტემაზე იქონიოს და მისი აზრით, სჯობს თავისი დრო და რესურსები სხვაგან გამოიყენოს.

მილიარდერის თქმით, ახლა მისი ყურადღება კვლავ Tesla-სა და SpaceX-ს სჭირდება. ორივე კომპანია მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება: ელექტრომობილების მწარმოებელი ივნისში სრულად ავტონომიური მანქანის გამოშვებას გეგმავს, ხოლო სარაკეტო კომპანია მომდევნო კვირას ახალი თაობის Starship-ის გაშვებას გეგმავს. მასკს ასევე მარსზე 2026 წელს უპილოტო ხომალდის გაგზავნა სურს.

კომენტარები