დღეს, 6 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს.
ცნობისთვის, წულუკიანის "საგამოძიებო კომისიაზე" გამოუცხადებლობის გამო, ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. პარტია ლელოს ლიდერმა გირაო დადგენილ ვადებში გადაიხადა.
პროკურორებმა და დაცვის მხარის წარმომადგენლებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.
დაცვის მხარის განცხადებით, შეუსაბამობა იწყება საგამოძიებო კომისიის შემადგენლობიდან, რადგან კონსტიტუციის შესაბამისად, კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი, წულუკიანის კომისიის შემთხვევაში კი ეს პრინციპი დარღვეულია.
ხაზარაძის ადვოკატების განცხადებით, პარლამენტის კომისიის დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სხდომაზე უნდა იქნეს მიღებული და გაფორმდეს ოქმის სახით - ამ შემთხვევაში კი თავმჯდომარისა და მისი მდივნის მიერ ხელმოწერილი მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს.
"პოლიტიკაში მოვედი იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კანონია შესაცვლელი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი საქმიანი მოღვაწეობის პერიოდში, თითქმის არასდროს დამირღვევია კანონი. ყოველ შემთხვევაში, არ მქონია საქმე სასამართლოში და ჩემს წინააღმდეგ არ ყოფილა პროცესი, გარდა იმ პროცესისა, რომელიც დაიწყო მხოლოდ მას მერე, როგორც კი მე პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. [...] ე.წ. კომისია შექმნილია ე.წ. პარლამენტის მიერ და ეს ე.წ. პარლამენტი იმიტომ არის ე.წ. რომ მისი ლეგიტიმაცია არ არის აღიარებული დასავლეთის, ჩვენი, დემოკრატიული პარტნიორების მიერ. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ დოკუმენტს, სადაც ევროპარლამენტი, ან აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი.
შესაბამისად, ჩვენ, მე და ჩემმა გუნდმა, არჩეულმა დეპუტატებმა უარი განვაცხადეთ ამ პარლამენტშ მონაწილეობაზე და დავტოვეთ მანდატები. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამის შემდეგ პარლამენტი არაკანონიერ კომისიას ქმნის და ადვოკატებმა მოგახსენეს, რატომ არის არაკანონიერი. [...]
ამ პარლამენტმა არალეგიტიმური კომისია შექმნა, კონსტიტუცია დაარღვია, მე რატომ ვხარჯავ ამდენ დროს? რომ კიდევ ერთხელ, ნიღაბი ჩამოვხსნათ იმ დანაშაულს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციურ პოლიტიკოსებს ახვევთ თავს. ჩემი კოლეგები დღეს ციხეში სხედან სწორედ ამის გამო. იმიტომ, რომ არაკონსტიტუციურმა და არაკანონიერმა კომისიამ დაიბარა და მათ უარი განაცხადეს" - თქვა ხაზარაძემ სასამართლოს წინაშე სიტყვით წარდგომისას.
"კითხვა მაქვს, წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმჯდომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის "სიგნალის" "ჩათით" დამიბარა, მოდიო - ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!" - იკითხა მან.
პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძეს გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა კომისიაზე გამოუცხადებლობა, პროკურორის მარიამ მეშველიანის განცხადებით, ხაზარაძეს არ ჰქონდა საპატიო მიზეზი ამისთვის.
საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოიკითხა.
ნინო ჭიპაშვილის განცხადებით (რომელიც კომისიის თავმჯდომარის სამდივნოს ხელმძღვანელია), 22 მარტს ის დაუკავშირდა ხაზარაძეს სოციალური ქსელის, "სიგნალის" საშუალებით, აცნობა კომისიის გადაწყვეტილებაზე და წერილობითაც მიმართა. როგორც დაცვის მხარის დასმული კითხვებით გამოიკვეთა, ამ სოციალური ქსელის გამოყენების ინიციატივა თავად ჭიპაშვილს ეკუთვნოდა.
მეორე მოწმედ პროკურატურის ერთ-ერთი უფროსი გამომძიებელი გამოიკითხა.
"რატომ უნდა გადაგვემოწმებინა? ეს თქვენ გეპარებათ ეჭვი... [...] არ იყო გადამოწმების საჭიროება და არც გადამოწმებულა, მისაღები იყო ეს წერილი" - თქვა გამომძიებელმა დაცვის მხარის კითხვაზე პასუხად. ადვოკატი ეკითხებოდა კომისიის (კერძოდ, წულუკიანის) მიერ პროკურატურაში გადაგზავნილი საჩივრის - დაბარების კანონიერების გადამოწმება მოხდა თუ არა.
პროცესის დაწყებამდე ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი (კომისიაზე გამოუცხადებლობა) მან შეგნებულად გადადგა და რომ ივანიშვილს არ მისცემს შანსს, რომ "ციხეში თავად [ხაზარაძე] უფრო სწრაფად შევიდეს."
ცნობისთვის, დღეს ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომ პარტია ხალხისთვის ტოვებს კოალიცია ძლიერ საქართველოს და დამოუკიდებლად მუშაობას განაგრძობს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს და ენმ-ს ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რადგან მათ დაკისრებული გირაო არ გადაიხადეს.
-
გირაოს გადაუხდელობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდეს
-
გირაოს გადაუხდელობისთვის ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





