გენერალური პროკურორი

გარეშე პირები ვეღარ ჩაერევიან – ახალი კანონპროექტით, იცვლება გენპროკურორის არჩევის წესი

ახალი საპარლამენტო ინიციატივის თანახმად, იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესი.

არსებული წესით, საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურას არასამთავრობოები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები არჩევდნენ, რის შემდეგაც კანდიდატს პარლამენტს საპროკურორო საბჭო წარუდგენდა.

ცვლილებებით, საბჭოს წევრები თავად აირჩევენ პროკურორობის კანდიდატებს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ, ვინ წარუდგინონ პარლამენტს.

პროკურატურის შესახებ კანონის მიხედვით, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ, გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭო აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს. კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

ცვლილებებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარული იქნება. არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს ეყრება. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მიიღო, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ამავე წესით სხვა კანდიდატებს შეარჩევს.

ივანიშვილის დეპუტატის, არჩილ გორდულაძის თქმით, ახალი კანონპროექტით "კონსტიტუციური წესრიგი იქნება აღდგენილი" და იმ პირებს, რომლებიც არ არიან "კონსტიტუციით განსაზღვრულები", აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერიონ გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის პროცედურაში.

"საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, ექნება შესაძლებლობა, დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი, ამ კანდიდატებს რა თქმა უნდა, მოუსმენენ საბჭოში, უყრიან კენჭს ღია წესით და ის ადამიანი, რომელიც დააგროვებს შესაბამის ხმებს და ყველაზე მეტი მხარდაჭერა ექნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

კონსტიტუციური წესრიგი იქნება აღდგენილი, მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც არ არიან კონსტიტუციით განსაზღვრულები, აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერიონ გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის პროცედურაში, რომელიც გათვალისწინებულია, სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მათ შორის, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც გარედან ჩარევის თვალსაზრისით მოგვახვიეს თავს და მათ შორის, შეგვიძლია გავიხსენოთ, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის კანონპროექტიც, მათ შორის მიშელის შეთანხმებაც, სადაც პირდაპირ გარედან მედიატორად წოდებულმა ადამიანმა, ისე რომ არც ერთი პოლიტიკური აქტორისთვის საქართველოში არ იყო საჭირო და არც არავის გონებაში არ მოსვლია, გენერალური პროკურორის არჩევის განსხვავებული კვორუმი შემოგვთავაზეს და კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანაც კი იყო დავალდებულებული". - თქვა გორდულაძემ.

ცნობისთვის, 5 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, ის გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს. გვარაკიძე იქამდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა.

4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული, თანამდებობა დატოვა.

შალვა პაპუაშვილმა გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი კი, კობახიძის ბრძანებით, ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ დაინიშნა.

ამასთან ერთად, გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 ივნისს გავრცელდა.

კომენტარები