აშშ-ში ჩინეთის ორ მოქალაქეს სახიფათო ბიოლოგიური პათოგენის კონტრაბანდაში, ყალბი განცხადებების გაკეთებასა და ვიზასთან დაკავშირებულ თაღლითობაში ბრალი წარედგინათ.
33 წლის იუნცინგ ძიენისა და მის შეყვარებულის, 34 წლის წუნიუნგ ლიუს წინააღმდეგ საბრალდებო საჩივარი პროკურორმა ჯერომ გორგონმა წარადგინა.
საჩივარს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დეტროიტის ოფისის სპეციალური აგენტი, შეივორია გიბსონი და აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის ოპერაციების დირექტორი, მარტი რეიბონი უერთდებიან.
FBI-მ ჩინეთის მოქალაქეები სოკოს სახეობა - Fusarium graminearum-ის კონტრაბანდის გამო დააკავა. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული სახეობა აგროტერორისტულ იარაღად გამოიყენება და ის ხორბლის, ქერისა და სიმინდის კულტურებში თავთავის დაავადების გამომწვევი მიზეზია, რაც ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით მილიარდობით დოლარის ზარალს იწვევს.
ამ სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსინები ადამიანებსა და პირუტყვში ღებინებას, ღვიძლის დაზიანებასა და რეპროდუქციულ პრობლემებს იწვევს.
საჩივრის თანახმად, ძიენმა აღნიშნულ პათოგენზე სამუშაოდ ჩინეთის მთავრობის დაფინანსება მიიღო. ბრალდებულის ელექტრონული მოწყობილობებში აღმოჩენილი მტკიცებულებებით კი დადგინდა, რომ ძიენი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია.
თავდაპირველად ძიენმა უარყო ბრალდება, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ აშშ-ში Fusarium graminearum დეტროიტის აეროპორტის გავლით შემოიტანა, რათა მიჩიგანის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სადაც მისი შეყვარებული მუშაობს, კვლევა ჩაეტარებინა.
"ფედერალური ბრალდებები, რომლებიც დღეს ჩინეთის მოქალაქეებს წარედგინათ, წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას ჩვენი საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საქმეში. ამ პირებმა ლაბორატორიულ ობიექტებზე წვდომა ადგილობრივ უნივერსიტეტში ბიოლოგიური პათოგენების კონტრაბანდისთვის გამოიყენეს. დეტროიტის FBI-ს კონტრდაზვერვის სპეციალისტთა ჯგუფისა და აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის ოფისის ერთობლივი გამოძიების შედეგად, ეს სახიფათო საქმიანობა ეფექტურად შეჩერდა". - განაცხადა შეივორია გიბსონმა.
"ეს საქმე საყურადღებო შეხსენებაა იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია (CCP) აქტიურად მუშაობს მკვლევრების გაგზავნაზე ამერიკულ დაწესებულებებში შეღწევის მიზნით და ჩვენი სურსათის მიწოდების დაზიანებას ისახავს მიზნად". - წერს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კაშ პატელი პლატფორმა X-ზე.





