ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სპორტსმენებს, ხვიჩა კვარაცხელიას, ზაზა ფაჩულიას და ყოფილ ფეხბურთელს, თბილისის მერს, კახა კალაძეს გამარჯვების ორდენზე წარადგენენ.
"კიდევ ერთხელ ვულოცავ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. გარდა იმისა რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას, იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა.
[...] ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ის წარმატება, რაც ასეთ ჯილდოს იმსახურებს. მას აქვს მიღებული გასულ წელს, ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, ღირსების ორდენი და ახლა გვინდა წარვადგინოთ ის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. [...]
ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი. ასევე, ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, გვყავს 2 სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვს მიღებული უმაღლესი ჯილდო - ეს არის ბატონი კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ეს არის ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი - NBA. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ ანალოგიური ჯილდოები მიღებული და ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ისინიც წარვადგინოთ გამარჯვების ორდენზე". - თქვა კობახიძემ.





