რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

RFE/RL: NATO აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტაზე რუსეთის მოთხოვნას არ განიხილავს

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, NATO არ განიხილავს რუსეთის მოთხოვნას, რომ ალიანსმა აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტაზე წერილობითი გარანტიები წარადგინოს. 

ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ინფორმაცია NATO-ს ანონიმურმა თანამშრომლებმა და დიპლომატებმა მიაწოდეს. 

გამოცემის წყაროებმა თქვეს, რომ NATO-ს შესაძლო უარი გაფართოებაზე ალიანსის არცერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე არ განხილულა. 

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ NATO-ს ნებისმიერი გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. 

"შესაძლოა, რომ ეს მხოლოდ აკადემიური დისკუსიაა". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. 

სხვა წყაროს თქმით, წერილობითი ვალდებულება NATO-ს არ გაფართოების შესახებ "არ არის ის, რისი მიღებაც მათ [რუსებს] ასე უბრალოდ შეუძლიათ", რადგან საერთაშორისო კავშირებში წევრობის თავისუფლად არჩევის უფლება საერთაშორისო შეთანხმებებში არის ჩაწერილი. 

მანამდე, უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა ABC News-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ  NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთისთვის "სამართლიანი შეშფოთების" მიზეზია და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მისივე თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებზე უკრაინის გარდა საქართველო-მოლდოვის NATO-ს წევრობის საკითხსაც აყენებს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმერ პუტინს წერილობითი გარანტია მისცეს იმის შესახებ, რომ NATO აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს თავად ტრამპის გადასაწყვეტია.

მოგვიანებით, კელოგის განცხადებას კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, მოხარულები არიან, რომ პუტინის განცხადებები NATO-ს გაფართოების მიუღებლობის შესახებ, "მათ შორის, ვაშინგტონში ესმით".

კომენტარები