წყალდიდობა ნიგერიაში

ნიგერიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 110 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 110 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია BBC-ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, კოკისპირული წვიმის შედეგად ამაღლებულმა წყალმა 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი წაიღო.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ნიგერის შტატში მდებარე, მოკვას დასახლება დაზარლდა. შტატის ხელისუფლების ცნობით, რეგიონში მსგავსი მასშტაბის სტიქია უკანასკნელი 60 წელია არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში წვიმების სეზონის დროს, რომელიც აპრილიდან ოქტომბრამდე გრძელდება, წყალდიდობები ხშირია. მოსალოდნელი კოკისპირული წვიმის შესახებ ნიგერიის ხელისუფლებამ ქვეყნის 36 შტატიდან 15 გააფრთხილა.

2022 წელს ნიგერიაში წყალდიდობას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1.3 მილიონამდე ადამიანს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

კომენტარები