აშშ-ჩინეთი

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, აშშ "ოქროს გუმბათის" პროგრამით პანდორას ყუთს ხსნის

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ჭანგ სიაოკანგმა დაგმო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კოსმოსური პროგრამის "ოქროს გუმბათის" დაწყება. ჭანგის თქმით, აშშ-ს ამ პროგრამით "პანდორას ყუთს გახსნის" და  კოსმოსს ბრძოლის ველად აქცევს.

"ასეთი ქმედებები არღვევს კოსმოსის შეთანხმების ყველა შესაბამის პრინციპს, კოსმოსის საომარ ზონად გადაქცევის რისკს ზრდის და ბიძგს აძლევს შეიარაღების გამალებულ ზრდას" – ამბობს ჭანგი. 

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობების განვითარება და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის შესანარჩუნებლად. 

20 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყება დააანონსა. 

"ჩემთვის პატივია, გამოვაცხადო, რომ ოფიციალურად შევარჩიეთ შესაბამისი არქიტექტურა ამ უახლესი სისტემისთვის, რომელიც შემდეგი თაობის ტექნოლოგიებს განალაგებს ხმელეთზე, ზღვაში და კოსმოსში. მათ შორის, კოსმოსური ბაზირების სენსორებსა და გამანადგურებლებს. [...] დასრულების შემდეგ, ოქროს გუმბათს შეეძლება რაკეტების განადგურება, მაშინაც კი, თუ მათ მსოფლიოს მეორე ბოლოდან, ან, თუნდაც კოსმოსიდან გაისვრიან" – ამბობს ტრამპი. 

პრეზიდენტის თქმით, პროგრამა დაახლოებით სამ წელში დასრულდება, ხოლო მისი სრული ხარჯი $175 მილიარდს შეადგენს. ტრამპის თქმით, თავდაპირველად პროგრამის დასაწყებად $25 მილიარდი იქნება საჭირო, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია კონგრესში წარსადგენად. 

ტრამპმა აშშ-ს შეიარარებულ ძალებს ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა მიმდინარე წლის 27 იანვარს დაავალა. ტრამპი აღნიშნავს, რომ ბირთვული თავდასხმებისგან ეფექტური თავდაცვის სისტემის შექმნის იდეა პირველად პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წამოწია 1983 წელს, თუმცა, იმ პერიოდში შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა. 

    კომენტარები